English / ქართული / русский /
ზურაბ ნოზაძე
,,მწვანე ეკონომიკის” სტიმულირების შესაძლებლობები და გზები მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ,,მწვანეეკონომიკის" წარმოშობის პირობები და კანონზომიერებები, გაანალიზებულია კონკრეტული წინადადებები სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგებში, ,,მწვანე” ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები და სახელმწიფოს როლი ,,მწვანეეკონომიკის” დანერგვაში მდგრადი ეკონომიკის პირობებში. მოცემულია ,,მწვანეეკონომიკის” მიღწევებისა და შესაძლებლობების შეფასების სისტემების დონეები.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, "მწვანე ეკონომიკა”, ინოვაციური ტექნოლოგიები, ბუნებრივი გარემოს დაცვა, სტიმულირება.  

მდგრადი განვითარება წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და განახლების კონცეფციას, რომელიც მიმართულია მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ მსოფლიო ცივილიზაციის გლობალური მიღწევების საფუძველზე. ასეთი გლობალური მიზნების მთავარ მაჩვენებლებს წარმოადგენს ბუნებრივი სიმდიდრის პასუხისმგებლური ექსპლუატაცია, (წარმოების ეკოლოგიზაცია, საწარმოო დაწოლის შემცირება ბუნებრივ გარემოზე), სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ორიენტაცია ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების განვითარებაზე, შესაბამისი საინვესტიციო სახსრების მობილიზაცია არსებული პრობლემის რაციონალური გადაწყვეტისათვის. ინტერესი ბუნებრივი გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ სიტუაციაზე გაიზარდა 1970 წლიდან. 1972 წელს შედგა  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით კონფერენცია გარემოს დაცვის პრობლემებზე, ამან დასაბამი მისცა ეკოლოგიური პოლიტიკის განვითარებას ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. 1980 წელს მიღებულ იქნა საერთაშორისო დონეზე ,,ბუნების დაცვის მსოფლიო სტრატეგია”, 1993 წელს მოხდა ამ სტრატეგიის კორექტირება გარემოს დაცვის არსებული მდგომარეობის შესაბამისად. 2008 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ,,მწვანე ეკონომიკის” იდეა გლობალური მოდელის სახით.  ,,მწვანე ეკონომიკის” პრობლემების  განხილვას მიეძღვნა ბრაზიალიაში შემდგარი საერთაშორისო კონფერენცია 2012 წელს. კონფერენციაზე გაიმართა დისკუსია მდგრადი განვითარების აქტუალურ საკითხებზე, ცოცხალი ბუნების შენარჩენებაზე, ბუნებრივი გარემოს დაცვის სისტემების გაუმჯობესებაზე.

ეკოლოგიური ინიციატივების განხილვამ ასეთ გაფართოებულ ფორმატში მიგვიყვანა ,,მწვანე ეკონომიკის” კონცეფციის ფორმირებამდე.  ,,მწვანე ეკონომიკა” არის ახალი მიმართულება ეკონომიკურ მეცნიერებაში, რომელიც ხასიათდება პასუხისმგებლური დამოკიდებულებით ბუნებრივ გარემოსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ,,მწვანე ეკონომიკამ” შეიძლება შემოგვთავაზოს რიგი შესაძლებლობები არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად და გასაუმჯობესებლად. პირველ რიგში იმ ტექნოლოგიების განვითარებით რომელიც ემყარება განახლებადი ენერგიის წყაროებს, ქარის ენერგიას, მზის ენერგიას, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას რომლებიც ნაკლებ ზეწოლას მოახდენენ ბუნებრივ გარემოზე. ოპტიმიზაცია მოხდება ისეთი დანახარჯების, რომლებიც გააუმჯობესებს ტექნოლოგიურ პროცესებს, ნაკლებად დააზიანებენ არსებულ ბუნებრივ გარემოს მავნე ნივთიერებით, გაჭუჭყიანებით და შემცირდება ავარიული სიტუაციები, რომლებიც მძიმე ტვირთად აწევს ბუნებრივ გარემოს და აუარესებს ცხოვრებისეულ მდგომარეობას.

მთელ მსოფლიოში პერსპექტიულად მიაჩნიათ ,,მწვანე” ენერგეტიკის განვითარება, რომელიც ემყარება განახლებადი ენერგიის წყაროებს, პირველ რიგში მზის ენერგიისას, მეორე რიგში პასუხისმგებლური დამოკიდებულება ბუნებრივ გარემოსთან.

ბუნებრივ გარემოს გაჭუჭყიანების პრობლემების გადაწყვეტისაკენ უნდა იყოს მიმართული როგორც სახელმწიფო ორგანოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და კომერციული ფონდების მოქმედება, მათი მოღვაწეობა ვითარდება რამდენიმე მიმართულებით:

სამრეწველო საწარმოების მიერ მავნე ნივთიერებების ნარჩენების შემადგენლობის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა, ინტენსიური სამრეწველო საწარმოების ეკოლოგიური კონტროლისა და მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელება, ეკოლოგიური განათლებისა და აღზრდის დანერგვა. ბოლო ათწლეულში პოპულარული ხდება მსხვილ კომპანიებში მენეჯმენტის სისტემის შესატყვისობა სტანდარტებთან, ის  წარმოადგენს გაერთიანებულ და აღწერილ ეკოლოგიური მენეჯმენტის ინსტრუმენტს, რომლის შემუშავება ხდებოდა მრავალი ქვეყნის მიერ და ემსახურებოდა ეკოლოგიური მენეჯმენტის გაუმჯობესებას და ,,მწვანე ეკონომიკის” გაძლიერებას. ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ბიზნესის მიერ უფრო პოპულარული ხდება და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კომპანიის რეპუტაციის უპირატესობაში. ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ბიზნესის მიერ წარმოადგენს  მოტივირებულ და შეგნებულ მონაწილეობას კორპორაციულ სტრუქტურებში, სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია ნეგატიური ზემოქმედების შემცირებისაკენ ბუნებრივ გარემოზე, ბუნებათსარგებლობაზე, ნედლეულისა და ენერგეტიკული რესურსების ეკონომიაზე, ნარჩენების ჩართვაზე სამეურნეო ბრუნვაში, ავარიული და საგანგებო სიტუაციების გაფრთხილებაში, ჯანმრთელობის დაცვის მხარდაჭერაში, კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვაში, ბიომრავალფეროვნების და დაცული ტერიტორიების დაცვაში, გადაშენების პირას მდგომი ბიოლოგიური სახეობის დაცვასა და შენარჩუნებაში.

,,მწვანე ეკონომიკის” მნიშვნელოვანი თვისებაა ინვესტიციური რესურსების ჩართვა ეკოლოგიური და ბუნებადამცავი ინიციატივების განვითარებისათვის.

,,მწვანე ეკონომიკის” მოდელზე გადასვლა შეუძლებელია მნიშვნელოვანი მოცულობის სახსრების ჩართულობის გარეშე. ინვესტორებად შეიძლება გამოვიდნენ როგორც კომერციული სტრუქტურები (საინვესტიციო ფონდი, საბანკო სექტორი,  მსხვილი კომპანიები), ისე სახელმწიფო.

მნიშვნელოვან ელემენტად შეიძლება იქცეს ინვესტიციური რესურსების ნაკადის სტიმულირებისათვის სხვადასხვა სახის საბაზრო ინსტრუმენტები. მაგრამ, ამასთან ერთად, წარმოიქმნება ამ დაბანდების ეკონომიკური შეფასების პრობლემა. ცალკე უნდა განვიხილოთ შესაძლებლობა ,,მწვანე” ინვესტიციების მიმართულებაზე, რომელიც მოგვცემს აუცილებელ ეფექტს.

ინვესტიციების განხორციელება სოფლის მეურნეობაში უნდა მოხდეს შემდეგი მიზნებისათვის: სახნავი მიწების შენარჩუნება და დაცვა, მოსავლის მოცულობის ზრდა, მიწის ფონდის და დამუშავებული მიწის ეფექტური გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი სახეობების გამოყვანა, რომლებიც მდგრადი იქნება სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. დასახული მიზნების მიღწევა საშუალებას მოგვცემს არა მარტო მივაღწიოთ ეკონომიკურ ეფექტს (წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მოგების გადიდება), არამედ გავლენას მოახდენს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, აგრეთვე გადავჭრით სასურსათო უვნებლობის პრობლემას. ,,მწვანე” ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკულ დარგებში დიდ როლს თამაშობს ბუნებრივ გარემოზე ზეწოლის შემცირების საქმეში. მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება ამჟამად საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ეფექტიანი დანადგარები ალტერნატიული ენერგიის წყაროების ხარჯზე. თანამედროვე პირობებში მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 21 პროცენტი  უზრუნველყოფილია განახლებადი წყაროების ხარჯზე.

,,მწვანე” ინვესტიციები ტრანსპორტის დარგებში ვითარდება რამდენიმე მიმართულებით. ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა ტექნოლოგიების განვითარება, რომელიც მიმართულია გამონაბოლქვ გაზებში მავნე ნივთიერებების შემცველობის შემცირებისაკენ და ინვესტიციები ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წარმოებისათვის. ეკოლოგიურად  სუფთა ტრანსპორტის პროექტირება და წარმოება წარმოადგენს მაღალი ტექნოლოგიების სფეროს, რომელშიც გამოიყენება მეცნიერების სხვადასხვა სფეროს დამუშავებები და მიღწევები. თანამედროვე პირობებში განვითარებულ ქვეყნებში ელექტრო ავტომობილები უკვე არ წარმოადგენს ფანტასტიკას და მყარად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ელექტრომობილის წარმოებას და გამოყენებას გააჩნია მნიშვნელოვანი პერსპექტივები. ასევე დიდი ყურადღება ექცევა ინვესტორების მხრიდან, ნარჩენების ულიტიზაციას და პროდუქციის წარმოებას მეორადი ნედლეულისაგან. ამგვარი ინიციატივები ვითარდება მთელ მსოფლიოში. სხვათა შორის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს ევროპის მოწინავე ქვეყნებს.

სახელმწიფოს როლი ,,მწვანე ეკონომიკის” პროცესის უზრუნველსაყოფად ინვესტირების საქმეში ეხება ორ სფეროს: საკანონმდებლო ზემოქმედება და კონკურენტული დარგების სუბსიდირება. სპეციალური ორგანოების კომპეტენციაში შედის ახალი სტანდარტების შემუშავება: ბუნებრივი გარემოს დაცვის სფეროში გადასახადების ეკონომიკური დასაბუთებულობა მავნე ნივთიერებების გამოყოფისა ატმოსფეროში და წყალსატევების დაბინძურებისა მავნე ნივთიერებებით, საწარმოს საქმიანობის დაუშვებელი დარღვევის შესაბამისი კონტროლი.

ფინანსურმა მხარდაჭერამ სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ,,მწვანე” ინვესტიციების სტიმულირების  საქმეში. სახელმწიფო, რომელიც გამოდის ინვესტორის ეკოლოგიური გეგმის პასუხისმგებლად, განსაკუთრებულ ,,სიგნალს” აძლევს კერძო ინვესტორებს, დაინტერესდნენ სახალხო მეურნეობის ამა თუ იმ დარგის განვითარებით. ,,მწვანე ეკონომიკა” წარმოადგენს მდგრადი განვითარების კონცეფციის ელემენტს, რომელსაც გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი. მათ ჩარჩოებში შეიძლება გადაწყდეს გლობალური ხასიათის აქტუალური პრობლემები.

,,მწვანე ეკონომიკის” მიღწევების და შესაძლებლობების შეფასებისას როგორც მიმდინარე მდგომარეობით, ასევე პოტენციური სიტუაციისას, ეკოლოგიურ-ინოვაციური პოლიტიკის ინსტრუნტების დანერგვისას უნდა გავითვალისწინოთ ყველა სისტემა უწყებრივი კანონმდებლობით, ასევე პრაქტიკული მოქმედებისა და საერთაშორისო მოღვაწეობის სისტემების ერთობლიობა.

,,მწვანე ეკონომიკის" შეფასების დონეები შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ:

  1. პოლიტიკური დონე. აქ განიხილება შემდეგი საკითხები: შესაბამისი სტრატეგია, პოლიტიკა და გეგმა (ღონისძიება) მდგრადი განვითარების, ბუნებრივი გარემოს ეკონომიკისა და შესაბამისი დარგების (ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, მიწათმოწყობა, ფერმერობა, სატყეო მეურნეობა, ტურიზმი).
  2. საკანონმდებლო დონე: აქ განიხილება შესაბამისი მოქმედი და მოსალოდნელი კანონმდებლობა.
  3. ორგანიზაციების დონე. მასში შედის შემდეგი: სახელმწიფო, საზოგადოებრივი მმართველობის სტრუქტურები. მხარდამჭერი ორგანიზაციები (ძირითადად სახელმწიფო დეწესებულებები და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები), სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანება.
  4. ინსტრუმენტების დონე. მასში განიხილება: ნორმატიულ-სამართლებრივი ინსტრუმენტები (უფლებების მიღება, კომპლექსური მიდგომა, მოთხოვნილება ტექნოლოგიის დონეზე), ეკონომიკური ინტრუმენტები (ბუნებისდამცავი შესაკრებლები, გადასახადები, დოტაციები და ა. შ.), ფინანსური ფონდები (საერთაშორისო ფინანსური მექანიზმები და შეთანხმებები), ინფორმაციული ინსტრუმენტები (ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის კონტროლი, ეკოლოგიური სტატისტიკა, ეკოლოგიური მარკირება, განათლება, ინფორმაციულ-საგანმანათლებლო მუშაობა).
  5. საწარმოო დონე, აქ ძირითადად განიხილება: წარმოების სტრუქტურა (მათ შორის სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ეკოლოგიასთან, ეკოინოვაციასთან, ეკო-დიზაინთან და პროდუქციის კომპლექსურ მიდგომასთან).

მოთხოვნების სტრუქტურა _ სახელმწიფო სექტორი (მათ შორის ,,ეკოლოგიური შესყიდვები”).

სტრუქტურა მოთხოვნილება _ მოსახლეობა, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები.

  1. საერთაშორისო დონე, აქ ვიხილავთ: მსოფლიო, რეგიონული, ორმხრივ, მრავალმხრივ პროექტებს და სხვა შესაბამის მოღვაწეობას.   

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Крючкова О.М. Гузенко А. Д. Зеленная Экономика как елемент состояние и перспективы. Москва, 2016.
  2. Кудинова Г. Э. Парадигма перехода регионов к ,,зеленой Экономике" и устойчевому развитию. Москва, 2014.
  3. Крючкова О.М. Ответственное инвестарование как инструмент трансформации ценноцтных  ориентиров бизнеса. Москва, 2011.